Empty Weblog

არჩევანი


ისევ ძველებურად მიხარია დედაჩემის მოტანილი შოკოლადები და ისევ ძველებურად ვუნაწილებ. ისევ ვგიჟდები ბრაიან მოლკოზე და ისევ მგონია, რომ ადამიანები კი არა, მათი გამოხატვის ფორმები იცვლებიან. ისევ ვერ ვისწავლე პატიება და ისევ ძველებურად ეჭვიანი ვარ. ისევ ისეთი მერყევი ვარ და ისევ ვებრძვი ძველ შიშებს. მკვდარი კალიების დანახვაზე ისევ გული მიმდის. მოკლედ, ბევრი არაფერი შეცვლილა.

ხანდახან როცა მორიგი უღიმღამო დილა თენდება და ბალიშიდან თავის აწევას თავის მოკვლა მირჩევნია, შემდეგ კი მაინც ვდგები, სარკის წინ გარბენისას საკუთარ გამოსახულებას ვხედავ ხოლმე და მიკვირს, რომ გავიზარდე. იმიტომ კი არა, რომ ძალიან გავიზარდე, იმიტომ, რომ მეგონა, ასეთი არასოდეს არ ვიქნებოდი. ასეთი, ანუ ზუსტად ასეთი როგორიც ვარ – როგორი ვარ, ამაზე საკუთარი აზრის ქონის თავისუფლებას გაძლევთ.

რომ მკითხო, ახლა ბავშვობიდან ყველაზე ნათლად რა გახსენედებაო, გეტყვით, რომ ის ერთი წამი, თუ წუთი – უბანში, გაწუწული ვიდექი, ახალნაწვიმარი იყო, მე კი დიდი ხნის ხვეწნა მუდარის შემდეგ ნაყიდი ნაცრისფერი, თეთრზოლინი ელასწიკები მეცვა და ზუსტად ისევე ვამაყობდი ჩემი აღნაგობით, როგორც ახლა ვამაყობ-ხოლმე, სარკეში რომ ვიყურები. აი, ისე, საფუძვლიანად რომ ვიყურები… მაგის მერე 10 წელზე მეტი გავიდა. მეტის გახსენება ან არ მინდა, ანდა არ მიღირს. პრინციპში, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.

საქმე იმაშია,რომ დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, ჩემი მოტივატორი თავის დროზე ძლიერი ემოციები ხდებოდნენ-ხოლმე, ახლა ასეთები აღარ მაქვს, თან დიდი ხანია აღარ მაქვს, სადღაც ივლისის შემდეგ. მიზეზს თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ არ მახსოვს, ზუსტად რატომ აღარ მაქვს, მგონი უფრო კომპლექსურ მიზეზებშია საქმე და მაგისი რასშიფროვკა სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა საქმე მაქვს, თან ბევრი.

ეს ამდენი ბოდიალი კი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ ორი უკიდურესობა დამჩემდა – ან სრული ინდიფერენტულობა, ანდა არასწორი მიზეზების გამო ემოციურობა. ამის გაცნონიერების შემდეგ კი ისევ ის აზრი მიჭამს ტვინს, რომ ერთ წრეზე დავდივარ, ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებ. მაგრამ სადღაც წავიკითხე, რომ თუკი ადამიანი იგივე შეცდომას მეორედ ვუშვებს ეს უკვე არჩევნია და არა შეცდომაო, მაშინ გამოდის, რომ ისევ არასწორ არჩევანს ვაკეთებ.

განსხვვება კი იმაშია, რომ თუ ამ არჩევანს ადრე შიშით და მორიდებით ვაკეთებდი, ახლა მეტი გამბედაობა მაქვს და ხანდახან ასე მგონია, რომ დასაკარგიც აღარაფერია.


ქუჩაში ბნელი სადარბაზოდან გამოვაღწიე. ლამპიონების ბლანტი ნათება მუდმივად კუდში მომყვება. გაყინულ ხელებს პალტოს ჯიბეში ვიწყობ და მშრალ ტროტუარს მივუყვები. თავჩაღუნულ სიარულს თავი ვერა და ვერ დავანებე. როგორც ერთი ათწლეულის წინ ჩემი ცეკვის მასწავლებელი ამბობდა, ეს მხოლოდ ჩემ შეშინებულობაზე მიუთითებს და არ მეკადრება. მე კი მაშინაც მეგონა, რომ ძალიანაც კარგად მეკადრებოდა.

ლამპიონების შუქი კუდში მომდევდა. მე კი მარტო მივუყვებოდი აღმართს. თითო-ოროლა მანქანა თუ ჩაიქროლებდა. ცეცხლისფერი ნათება თვალებს არასდროს მჭრიდა. მაგრამ თავჩაღუნულ სიარულს ვერა და ვერ ვეშვებოდი. სასაცილოა, ისიც კი არ მგონია, რომ კუდში მანიაკი მომყვება, არც ეშმაკისეულები მელანდება და არც სიკვდილის შიში მიყინავს უარესად ისედაც გაყინულ ხელებს. ალბათ, დროთა განმავლობაში ეს მძაფრი ემოციები ცვდება – მე ხომ ძალიან დიდხანს მაშინებდნენ ბნელი აჩრდილები, ჩაკეტილი ოთახები და მონსტრები საწოლის ქვეშ.

არა, არ მინდა სენტიმენტები, მაგრამ მართლა დიდი დრო გავიდა – რამდენიმე წელს ბევრის შეცვლა შესძლებია – ახლა სარკიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებს.

გაქცევა რომ შემეძლოს, არსად არ წავიდოდი, იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერსად გავექცევი. შევცვლიდი, კი, ცვლილებით კი ბევრს შევცვლიდი.

ქუჩაში მარტო სიარულს ბევრი პლუსი აქვს – პირველ რიგში კი ის, რომ დიდი, გაბერილი სამყაროს პატარა ნაწილაკად გრძნობ თავს – რასაც არ უნდა წარმოადგენდე, ვინც არ უნდა გიცნობდეს, უყვარდე, ან ეჯავრებოდე. ვის გვერდითაც არ უნდა იძინებდე ღამით და ვის გვერდითაც არ უნდა იღვიძებდე დილით. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მხოლოდ ასე შემიძლია – მხოლოდ ასე შემიძლია ვაღიარო, რომ აღიარების მიუხედავად, ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავიმსახურე.

ხანდახან მგონია, რომ ჩემი არც ერთი გადადგმული ნაბიჯი, არც ერთი ცრემლი, არც ერთი მიზანი, ან რაიმე სხვა რამ, რაც ჩემში ქმედების სურვილს აღვიძებდა, შედეგის მომტანი არ ყოფილა – ალბათ, იმიტომ, რომ შედეგებს კმაყოფილება არ მოუტანია. ერთ დროს ფერადი, ბრდღვიალა ოცნება უფერულდებოდა-ხოლმე და ხელში ყოველთვის შავთეთრი ფილმის კადრები მრჩებოდა.

მაშინ როცა ყველაფერი უაზრო ყოველდღიურობაში გადაიზრდება, ავდგები, სარკეში ჩავიხედავ და ჩემ თავს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ცვლილებების დრო ყოველთვისაა. არც ახალი მიზნები გამოილევა და არც ის ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ჩემში გულწრფელი ემოციები გამოიწვიონ.

უბრალოდ, ვიღაცის ცხოვრება ერთი შეხედვით იმაზე ბევრად მარტივი ჩანს, ვიდრე არის.


ბავშვობაში ერთი მეგობარი მყავდა. სარისკო თამაშები უყვარდა. დამალობანა უკაცრიელ ადგილებში. ის იმალებოდა, მე კი შეიძლება მთელი ორი დღე სულ ტყუილად მეძებნა. მერე თავისით გამოჩნდებოდა-ხოლმე.

ერთ დღესაც დაიმალა. არადა არ გამოჩნდა. სად აღარ ვეძებე. ძველ, შეჩვეულ სამალავებში, ლამის იმ მიტოვებულ სასაფლაოზეც კი ავედი, რატომღაც რომ ყოველ ღამით მაშინებდა. მოკლედ, გაქრა და გაქრა.

ნელა-ნელა მის გარეშე ცხოვრება ვისწავლე. დამალობანას ახლა სხვებს ვეთამაშებოდი. მე მის ძველ სამალავებში ვიმალებოდი, ახლა სხვები მეძებდნენ. მე კი უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. თითქოს მის აჩრდილს დავდევდი, თუ ის დამდევდა – ვერ ვხვდებოდი, როგორ ვიქეცი ვიღაცის მეორე ნაწილად. თვითონ ის ვიღაცა კი არსად ჩანდა.

შემდეგ გავიზარდე. დამალობანას უკვე იშვიათად ვთამაშობდი. მე ძალიან მინდოდა, მაგრამ სხვები უარს მეუბნებოდნენ. ახლა ჩვენი შვილები ითამაშებენო – ამბობდნენ, უხერხულად იღიმებოდნენ და მიდიოდნენ.

მეც ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, თითქოს იმათ დროში გამისწრეს, მე თამაში მინდოდა, იმათ – არა.

სამაგიეროდ იმ ძველი ადგილების ხშირი სტუმარი გავხდი, სადაც ოდესღაც ჩემი მეგობარი იმალებოდა, შემდეგ მე. სადაც, ალბათ, მომავალში ჩემი შვილიც დაიმალება-მეთქი, სულ ასე ვფიქრობდი. შემდეგ ისიც გაიჩენს მეგობარს, რომელიც სამუდამოდ დაიკარგება და ისიც მარტო გაგრძელებს თამაშს.

იცით, დამალობანა მისტიკური თამაშია. სულ მგონია, რომ ახლა ნებისმიერ დროს, შეიძლება შენი ჩვეული საცხოვრებელი ვიღაცისთვის სამალვად იქცეს. შენ გვერდით კი დამალული ადამიანი ცხოვრობდეს.

მაგრამ მერე მახსენდება, რომ დამალობანას მხოლოდ ბავშვობაში ვთამაშობთ.

6-ის მერე


6 აგვისტოს მერე ბევრი დრო გავიდა. ბევრი შეიცვალა. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე წარმოვიდგენდი, ან, ვიდრე, ვინმე წარმოიდგენდა. მთელი ბათუმური ვოიაჟის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ იმ ოთხი საათისათვის, რომელსაც ინტერნეტკაფეში ვატარებდი (სამსახურებრივი მოვალეობა!), ერთიც მიმემატებინა და აქ რამე დამეწერა, თუნდაც, რამდენიმე ხაზი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ახლა ვწერ და ჩემი თავის მიკვირს, რომ ის შეგრძნება, რაც აქ წერის დროს მქონდა-ხოლმე, სადღაც გაქრა. აღარც იმის სურვილი მაქვს, ჩემი პირადი ისტორიები ლამაზად, ან არც ისე ლამაზად შევფუთო და ისე წაგაკითხოთ, აღარც ის მისტიკური (თუ რაღაც ამ სიტყვის მსგავსი) ემოცია მაქვს, როცა ჩემ ფანტაზიას ბოლომდე ვუშვებდი თავის ნებაზე და პოსტის ერთი, ან ორი კვირის წაკითხვის შემდეგ იმავე ემოციებს ვიღებდი ჩემი პოსტიდან, რასაც წერის პროცესში.

მოკლედ, კრიზისი. ან, კრიტიკული დღეები, თუ კრიტიკული თვე.

ამაში ვერაფერ ტრაგიკულკს ვერ ვხედავ. ხანდახან ვუყურებ სხვების დაშეარებულ ნაწერებს და მენატრება აქ შემოსვლა. ხანდახან მინდება გითხრათ, როგორი ვარ, როცა ვწყვეტ თავი არ ვაკონტროლო. მინდება-ხოლმე მოგიყვეთ, რას ვაკეთებ, როცა ძველ ისტორეიბს სანაგვეზე ვუძახებ და რაღაც ახლის დაწყებას ვცდილობ. იმის მოყოლაც მინდა, როგორ მატკინეს გული, როცა უზარმაზარ ტყუილში ისე გამხვიეს, არც კი დაფიქრებულან, მე რა შეიძლებოდა მომსვლოდა, როცა ამ ყველაფერს გავიგებდი.

იმაზეც მინდა დავწერო, როგორ გადავწყვიტე, რაღაც ახლისათვის წერტილი იმ მომენტში დამესვა, როცა, წესით, არ უნდა დამესვა. ესეც გაცვეთილი ისტორიაა უკვე.

ერთადერთი, რასაც ბოლო პერიოდია ჩემ თავს ვატყობ, ემოციების სიმცირეა, ან მათი დაგვიანება, ორი, სამი დღის მერე მოსული სიბრაზე და ერთი კვირის მერე მოსული ტკივილის შეგრძნება.

ეს კი როგორი ტრაგიკული, ან სამწუხაროც არ უნდა ჩანდეს, სულაც არ მღლის, ანუ მე მომწონს, და თქვენი არ ვიცი.

ალბათ, ესეც გაივლის :)

ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ქვემოთმოყვანილი ემოცია მომენატრა

NEW


მე იშვიათდ ვწყვეტ რაღაცებს რადიკალურ ტონალობებში. ვიღაცისთვის ერთი შეხედვით შეიძლება, კაკ რაზ, რადიკალური ვარ, მაგრამ რეალურად მკვეთრი მოძრაობის გაკეთებამდე ბევრს ვფიქრობ.

არ ვიცი, ახლა რამ მოიტანა – იმან, რომ გადავიღლე, თუ იმან, რომ უკვე დიდი გოგო გავხდი და ეს შეგრძნება არ მასვენებს, ან, თუნდაც, იმან, რომ ხვალ სახლიდან მოშორებით მივდივარ და სულ ცოტა ხნით მაინც მოვწყდები ჩვეულ რიტმებს.

მოკლედ, გადავწეყვიტე რამდენიმე რაღაც და მინდა თქვენც გითხრათ…

თუნდაც ის, რომ ჩემ არც ერთ მეგობრულ ურთიერთობას არ დავაყენებ საფრთხის ქვეშ ინტრიგების გამო – მე ჩემი მეგობრები ბევრად მეტად მიღირხართ, ვიდრე საკუთარი პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო / დაუკმაყოფილებელი ადამიანები.

შეიძლება ეს დღეები ბოლოა ჩემთვის ძალიან საყვარელ ამპლუაში. არ ვიცი, არც მინდა ვიცოდე, უკვე საკმარისად დიდი ვარ საიმისოდ, რომ მოულოდნელობებს ველოდე და მათი აღარ მეშინოდეს.

მინდა გითხრათ, რომ თქვენ შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ძლიან მიყვარს და მათ შორის რამდენიმე, რომლებიც უზომოდ მიყვარს. თქვენ კი მინდა გთხოვოთ, რომ იმედები შედარებით უფრო იშვიათად გამიცრუოთ.

კიდევ მინდა, რომ ჩემი მაგალითიდან ისწავლოთ – ხანდახან ცვლილებები ისე მოდის, ვერ ამჩნევ. ხშირად კი ეს ცვლილებები არასასურველია-ხოლმე, მით უფრო მაშინ, როცა მათ მიზეზებს ვერ ხვდები. მაგრამ გადაუჭრელი ხომ არაფერია და მეც ვცდილობ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე მივალაგო.

ხანდახან მინდა შეგახსნოთ, რომ არ ვარ ვალდებული ყოველთვის მე გიგებდეთ, მეც მინდა ვინმე მიგებდეს. სულ ცოტა ხნით მაინც.

კიდევ გადავწყვიტე, რომ მარტო ყოფნა მომბეზრდა. მით უმეტეს, რომ ბოლო მარტო ყოფნამ უკვე წლები გასტანა. ანუ, სრულიად ლოგიკური მიზეზი მაქვს, მომბეზრებოდა.

კიდე ის გადავწყვიტე, რომ ცხორებაში თავისუფლება ყველაზე მეტად ფასობს – სხვისი აზრებისგან და მათ მიერ შექმილი სტერეოტიპებისგან თავისუფლება. იმ შეგრძნებისგან თავისუფლება, რომ ვიღაცის აზრი შენთვის შეიძლება დამღუპველი, ან ამშენებელი აღოჩნდეს. მერე რა, თუ ვიღაც იდიოტად გთვლის?

რაღაც ზედმეტად რეალური პოსტი გამომდის, წინებს თუ გავითვალისწინებთ, მით უმეტეს, მაგ შემთხვევაში, მაგრამ რა პრობლემაა – მე ხომ არ მითხოვია, წაიკითხეთ-მეთქი.

 

უი, კინაღამ დამავიწყდა – ბევრ წარმატებას გისურვებ, დასვენებას და ბევრ ბევრ ბევრ ღიმილის (ამბობენ, რომ გიხდება), heart1ess :)

ინტუიცია


- შენი  მაინც არაფერი მიდის – ვეუბნები

- გეგონოს – მპასუხობს.

სახეზე, როგორც ყოველთვს, ვერაფერს ვკითხულობ. ეს ჩემი სენია, იმათ სახეზე ვერ ვკითხულობ ვერაფერს, ვისი სახეც მაიტერესებს. დანარჩენი – იცოცხლე.

მერე მიღიმის.

- რას მივაწერო? – ვეკითხები.

- რა? – :როგორ მინდა შემოვარტყა:

- შემოტრიალება – ვპასუხობ. არადა იქეთ უნდა მპასუხობდეს.

- როგორ გგონია? – ისევ მეკითხება

- იცი, ბვშვობაში თამაშებს ვერ ვიტანდი. მგონი დიდობაშიც გადმომყვა – ისევ ვპასუხობ

- შენი ბავშვობა მოგვიღებს ბოლოს – მპასუხობს და თავს აქნევს.

- ვიცი – ვპასუხობ.

არადა, იცით რაშია საქმე? არც მე. ვიყურები ასე იდიოტივით და ვერ ვხვდები. ალბათ ბევრ რამეს დავთმობდი ადრე და ახლა აღარ დავთმობ. მაგრამ ემოციებს აყოლა ჩემი სტიქიაა. პირობების დარღვევაც. მაინც არაფერს ვკარგავ.

- იცი, მგონი გავები – ვეუბნები

- შენ დიდი ხანია გაები – მპასუხობს.

შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. მით უმეტეს, რომ გავები.

- არ მომწონს მერე. თან პირობა დავდე, რომ აღარ გავებმეოდი. თან ეს უკვე მერამდენედ, ვეღარ ვითვლი უკვე – თავს ვიქნევ.

ისიც თავს იქნევს და იღიმის. საშნელი ინტუიცია მაქვს. ათასში ერთხელ ”ვწინასწარმეტყველებ”. ორგანიზმით ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოხდეს. და ყოველთვის ხდება. ასე ვგრძნობდი მთელი ორი კვირა. გავრბოდი, ვიმალებოდი, სახლიდან არ გავდიოდი, არ ვეკონტაქტებოდი. მაგრამ ბოლოს მაინც მძლია ისევ საკუთარმა თავმა და საკუთარივე ინტუიცია გავამართლე.

ოდესღაც პირობა დავდე, რომ ყველაფერი იქ დარჩებოდა, სადაც დავტოვე. მერე კი გადავიფიქრე. არ ვიცი, რატომ, ალბათ, ძლიერი ემოციები თუ მომენატრა.

- მგონი შენ ისევ იქ ხარ, სადაც დაგტოვე – ვეუბნები.

- ვერ ვხვდები

- კაი, არცაა საჭირო – ვამბობ და ვხვდები, რომ საუბარს ვწელავ. მერე ისევ დაბნეული ვიღიმი, ნერვიულობა რომ არ შემეტყოს და მოჩვენებითი ზრდილობით ვაგრძელებ საუბარს.

ხო, ეს ზრდილობა ცალკე თემაა. ჩემი მოჩვენებით ზრდილობიანობა კი ხანდახან მე თვითონ მაოცებს. მიყვარს, როდესაც თავი მაღალი საზოგადოების ლედისავით მიჭირავს, ვიღიმი, ლამაზად დავდივარ და მდიდრული ვარ. რეალურადაც ასეთი ვარ – შეგიძლიათ, ამპარტავანი დამიძახოთ, მაგრამ მართლა ასეთი ვარ. ჩემთვის ეს ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა. მაგრამ ის უფრო ბუნებრივია, რომ სიტუაციის გავლისთანავე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გავიძრო, შამპანურის ფიუჟერი მივაგდო და არყის სმაზე გადავიდე. შემდეგ კი გავუბერო. მერე რა, მე ამისი უფლება მაქვს.

- აი, ასეთი მიყვარხარ – ამბობს.

- არადა, არ გიყვარვარ ასეთი

- რა იცი?

- საერთოდ არ გიყვარვარ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე მისი წუთიერი გატაცება ვიყავი. არადა არ მიყვარს იმპულსური მამაკაცები. მაგრამ იმ მომენტში ზუსტად ასეთი მჭირდებოდა – ხანდხან ხომ ჩვენი გვიყვარს-არგვიყვარს ძალიან გვაბეზრებს-ხოლმე თავს. მით უმეტეს კი ისეთი მამაკაცები გვაბეზრებენ თავს, რომელბიც იმ მომენტში ჩვენ სტანდარტებში ჯდებიან.  ხოდა, როცა გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი უნდა დამთავებულიყო… დამთავრდა კიდეც. მაგრამ ის რატომღაც ისევ მოტრიალდა.

ვერ ვიტან დაბრუნებულებს. ვერც იმათ ბოდიშებს. სულ მგონია, რომ ბოდიშით მავალდებულებენ, ვერც იმას ვიტან ,როცა თავს მაცოდებენ, მით უმეტეს, როცა კაცები მაცოდებენ თავს.

მოკლედ, ჩვენი ასეთი საუბრით ხშირად შემოვიფარგლებოდით-ხოლმე, მხოლოდ ჩვენ რომ გვესმოდა. ეს მე დროთა განმავლობაში მომბეზრდა, მერე კი აღმოჩნდა რომ მისი ჩვეული სტილი იყო.

მერე კი როცა თვითონვე მოისურვა რაღაცის თავიდან დაწყება წინასწარვე ვიცოდი – შანსი არ იყო. ინტერესის გამო ავყევი. უფრო სწორედ, აზარტის.

- გამიკვირდი – ვეუბნები

- ვიცი – მპასუხობს – მეც გამიკვირდა – მერე გვერდით იხედება…. (სხვათა შორის, ვერც ამ სიმორცხვეებს ვიტან, მით უმეტეს, როცა ჩემთან ავლენენ. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემთან მორცხვობა საჭირო არ არის).

როცა ჩვენი ურთიერთობა დამთვრდა, მე უბედური ვიყავი, ის როგორ იყო, არ ვიცი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი უბედურებით არავინ დაინტერესებულა. მე კი ქალი ვარ – ანუ, დაუინტერესებლობას არავის ვპატიობ.

მეორე დღეს მსუბუქად მტკიოდა გული იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ იმპულსურ კაცს ნალებად იმპულსური ვამჯობინე. და იმის გამო, რომ ქალი ვარ და დაუინტერესებლობას არავის ვპატიობ.

მთავარი კი ის არის, რომ ემოციებს აყოლა ისევ შემიძლია. მოკლევადიანი პერსპექტივით და სინანულის გარეშე.


”აი, ამის ხათრით კი ღირს ცხოვრება” – გადავხედე და გავიფიქრე. ჩემ გვერდით იწვა და მშვიდად ეძინა. საერთოდ, რა უცნაურია, როცა ვკარგათ მერე ვაფასებთ, უფრო სწორედ, გადა-ვაფასებთ-ხოლმე და, სწორედ, ამაშია პრობლემა. აი, ამ გადა-ში.

”მე კი იმის თქმაც ვერ მოვახერხე, რომ ძალიან მიყვარდი”, ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ,ტვინი მიდუღს და მაინც არ ვჩერდები. როდის მოვა ჩემამდეც ის აზრი, რომ ხანდახან ფიქრს აზრი არ აქვს. ხანდახან კი ფიქრი ერთადერთი არასწორი გადაწყვეტილებაა, რაც კი შეიძლება მიიღო – დანარჩენი ყველაფერი მოსულა.

”შენ გამო კი ღირდა ცხოვრება” – ისევ ვფიქრობ.

და, საერთოდ, ვინ თქვა რომ რამის გამო უნდა ღირდეს ცხოვრება. მით უმეტეს, ვინმეს. ალბათ, ისედაც ღირს.

მინდა, რომ რამე ისეთი გავიხსენო. აი, ისეთი… ისეთი, განსაკუთრებული და ვერაფერსაც ვერ ვიხსენებ, ყველაფერი ბურუსშაია.

”როგორ დავიჯერო, რომ გასახსენებელიც არაფერი გვრჩება?” – აი, ისევ ვფიქრობ.

მაგრამ ეს კარგიცაა – მერე ყველაფერი გამარტივდება.

”შენ გამო კი ღირდა ცხოვრება” – ჩემთანაც მოვიდნენ სენტიმენტები. ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. საშინელი დილაა – მზიანი, მხიარული. ქუჩიდან ხმაურიც კი შემოდის, ეს მე არ მესმის არაფერი.

არადა, რა კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ არ გამეფუჭებია – ისევ მე ვარ დამნაშავე. მოდი, აღარ დავითვლი მერამდენეჯერ. ისევ ჩემი მაქსიმალისტობები მღუპავენ.

მერე რაფაზე ვჯდები და თითქოს ის მოზღვავებული ემოციაც უცებ სადღაც ქრება. მეცინება – როგორ ამბობენ-ხოლმე? შტორმის წინ სიმშვიდე ჩამოვარდება-ხოლმეო, არა? ხოდა, შტორმი ახლოსაა მგონი.

აქედან ყველაფერი უფრო მკვეთრია – რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გამოკვეთილად ხედავ. იმიტომ, რომ უფრო დაკვირვებით უყურებ და აფასებ.

”არც ისეთი იდეალური ხარ… და, საერთოდაც, ვინ არ მიუტოვებიათ” – ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი და წავედი.

კარს მშვიდად ვხურავ და მივდივარ – ჩემ სახლში, ჩემ ცხოვრებაში. სხვისი ცხოვრებიდან ჩემ ცხოვრებას ვუბრუნდები. და, საერთოდაც, საკუთარი ცხოვრებიდან სხვისი ცხოვრებები უფრო მკვეთრია, სხვის ცხოვრებებში გადასახლებული სხვა  ადამიანებიც. ხანდახან – საკუთარი თავიც.


არასოდეს არ მჯეროდა ”გამოცდილი მამაკაცების”. სულ მეცინებოდა-ხოლმე, რომელიმე ფილმში თუკი თვალს მოვკრავდი , როგორ ”შიფრავდა” ერთი სქესის წარმომადგენელი მეორეს. გულის სიღრმეში სულ მინდოდა 1) მეც შემძლებოდა და 2) მეც შემხვედროდა ასეთი ადამიანი.

მერე ისე მოხდა, რომ ასეთი სულაც ვერ გავხდი. ალბათ ამიტომ განვაცხადე, რომ ჩემი მხრიდან მსგავსი ქმედებები ადამიანთა მიმართ მიზეზთა და მიზეზთა გამო არაპროფესიონალურია. ეს მოსაზრება მაშინ თავდაცვა იყო, ახლა – პრინციპია. რომელიც ჩემდაუნებურად შევიქმენი და რომელმაც გაამართლა. არასდროს დაიჯერო, რომ ერთი შეხედვით ადამიანს გაიცნობ, იგრძნობ, რომ ის შენიანია. თუკი ოდესმე მსგავს სენტიმენტალობებს გადალახავ, ცხოვრება ცოტა მაინც გაგიმარტივდება.

მაგრამ ბავშვობაში გულში ჩადებული სურვილები ხომ ოდესღაც ხდება. სამაგიეროდ პრობლემა იმაშია, რომ იმ ადამიანებისაგან ხდება, რომლებისაგანაც არც ველით და, პრინციპში, არც გვინდა.

მე გუშინ საღამოს 100 %-ით ამიხდა ბავშვობის სურვილი. ანდა, სურვილი არც ჰქვია ამას – უფრო ის შეგრძნება მინდოდა გამომეცადა, როგორია როცა შენ თავზე უცნობი ადამიანი იმას გელაპარაკება, რასაც შენც კი არ ლაპარაკობ.

ამას კი არც ფეიერვერკი მოჰყოლია, არც ჩემი გულის წასვლა, არც ისტერიკა და არც სიამოვნება. გამეღიმა – ”ნამდვილად, ნამდვილად არ უნდა დამელია ბოლო ჭიქა” – გავიფიქრე და დაბნეული სახით გავიღიმე. ”ეს სულაც არ ნიშნავს რამეს” – დავაყოლე გულში. ”სამადავოლნი ბალვან”

არასწორ დროს, არასწორმა ადამიანმა ის მითხრა, რასაც მეც კი არ ვეუბენი საკუთარ თავს – ამას დიდი უზრდელობა უნდა ერქვას. მაგრამ მე ის ბოლო ჭიქა დალეული მქონდა, მას კი ბოლო 7 ჭიქა. ასე რომ, გავჩუმდი.

მე ისტორიის დანარჩენ ნაწილს უხამს წინადადებას ვეძახი, რომლის შემოთავაზების უფლება  ყველას აქვს, საინტერესო მხოლოდ ის არის, რითი უპასუხებ შენ.



ცოტა ეგოიზმია ჩემი მხრიდან, მაგრამ ამას მგონი ყველა შეეჩვია.

ცოტა კი არა, დიდი ეგოიზმია ის, რომ აქაურობას მხოლოდ მაშინ ვაკითხავ, როცა სათქმელი ისე მაწვება, სად წავიღო, არ ვიცი. მაგრამ ამ ბოლო დროს იმ ფაქტმა შემაწუხა, რომ იმაზე მეტ ბოდიშს ვიხდი და იმაზე მეტ დაჯმას ვიღებ, ვიდრე ვიმსახურებ.

ასე რომ, დაე, ვიყო ეგოისტი.

მგონი პუნქტებად უნდა დავწერო, იმდენი რაღაც მოხდა. მაგრამ არ დავწერ და არც მოგიყვებით. მარტო იმას გეტყვით, რომ დღეს, როცა 2 საათი ღია ცისქვეშ ვიჯექი და ქარი ჩემ ისედაც გაწეწილ თმას გამეტებით ჩეჩავდა, მივხვდი, რომ ეს სწორედ ისაა, რაც ამ ეტაპზე ძალიან მომწონს.

ბავშვები, ბევრნი ძალიან. ვზივარ, ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ერთ დროს მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოდესმე გადახედვას დაექვემდებარება.

”მერე ისიც გაიზრდება და მიმატოვებს, როგორც სხვებმა მიმატოვეს” – ვფიქრობ.

ხო, გაიზრდება და მიმატოვებს.

რატომღაც არ მინდოდა შვილი. ამისი სერიოზული მიზეზი 3 წლის წინ გაჩნდა. მაგრამ მათში ბევრი მისტიკაა. ბავშვებში ბევრი მისტიკაა – არც სითბო, არც სიცივე, არც სიმკაცრე. მისტიკა

უზარმაზარი სასრიალოს უგრძეს კიბეზე მიძვრებოდა, ფეხი უცურავდა, მაგრამ მაინც მიძვრებოდა. თვალს ვერ ვწყვეტდი და ვფიქრობდი, მეც რომ მისნაირი უშიშარი ვიყო, ალბათ, ავძვრებოდი იმავე კიბეზე და მასთან ერთად ჩამოვსრიალდებოდი-მეთქი. სადღაც 10-12-ჯერ ჩამოსრიალდა და მე კიდევ ერთხელ დავიჯერე, რომ ბავშვს სანამ შიშს არ ჩაუნერგავ, იქამდე არც კიბიდან გადმოვარდნისა შეეშინდება და არც სიმაღლის.

მერე კი მივხვდი, რომ ბავშვობაში ათასი რამით შემაშინეს.

საერთოდაც, ადვილია იჯდე სადმე პარკში, ქარს სახეს უშვერდე, მოუხერხებელ სკამზე წუწუნებდე და მეგობარს უსმენდე.

უსმენდე და ისეთ საკითხებზე აძლევდე რჩევას, რომლებიც შენ თვითონაც ვერ მოგიგვარებია. მაგრამ, როცა შენი აზრი აინტერესებთ, სხვა გზა არც არსებობს – უნდა ილაპარაკო.

ბედნიერებაა დაინახო, როგორ უმშვიდდება სახე შენთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ორი საათი დაუთმე და შენი აზრი გაუზიარე.

ამ დღეებში კი იმასაც მივხვდი, რა საამაყოა, როცა არც ისეთი მშიშარა ხარ, შენ თავთან რაღაცების აღიარება შეგრცხვეს. არც ისეთი სუსტი, ამ აზრებს დალაგებული ფორმა ვერ მისცე და ვერ გადმოსცე. არც ისეთი სულელი, ადამიანებში ბევრი ცუდი არ დაინახო, იმის მიუხედავად, რომ გამწარებული ცდილობ, თვალი და ყური აარიდო ამ სიცუდის აშკარა გამოვლინებებს. არც ისეთი მოუთმენელი, ადამიანებს დრო არ მისცე და არც ისეთი დეპრესიული, ერთმა, ან ორმა უსიამოვნებამ თვითმკვლელობამდე მიგიყვანოს.

ვერ ვიტან ხმამაღალ სიტყვებს, ვერც ”ახალცხოვრებადაწყებულ” ადამიანებს, რომლებიც სანამ საკუთარ თავს დააჯერებენ რამეს, იქამდე საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ. ვერც ამ სიტყვებს ვიტან – ”ვერ ვიტან”.

ხოდა, ესეც რიგითი აბდაუბდაა. მერე რა, მე ხომ არ მითხოვია, წაიკითხეთ-მეთქი.

ვიღაც


გულის სიღრმეში ხომ ყველას გვინდა ვიღაცამ გაგვაჩეროს, ან პირიქით – ადგეს და პირველი და, თუნდაც, მეცამეტე ნაბიჯისკენ გვიბიძგოს. სხვებისა არ ვიცი და მე ყოველთვის მაწუხებს, როცა ადამიანებთან რაღაცას უთქმელს ვტოვებ, რაღაც მნიშვნელოვანს, რომელიც მომავალში აუცილებლად შემაწუხებს. მაგრამ მაინც მირჩევნია სხვებმა თქვან და იმათ მიბიძგონ რაღაცის გაკეთებისკენ.

ამას რაც გინდათ ის დარქვით – ტერმინოლოგია ხომ გაცვეთილი რამეა, არავის მოსწონს სტერეოტიპებში ჩაჯდომა და სტანდარტულის იარლიყით ცხოვრება.

მე კი რამდენიც არ უნდა ვებრძოლო საკუთარ თავს, ბოლოს მაინც ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა, ანდა საჭიროდ ვთვლი. ბოლოს მაინც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და ადამიანების მიმართ ნდობას ვკარგავ.

მერე ეს ნდობადაკარგული ადამიანები ჩემ ცხოვრებაში ჩნდებიან და ქრებიან – და ასე მუდმივად. მერე მეც ვხვდები, რომ ჩვენი, თითქმის ყველას ბოლოც ზუსტად ეგ არის – ვიღაცების ცხოვრებაში უნდა გამოვჩნდეთ და მერე ძალიან მალევე გავქრეთ.

ამას გინდ ცხოვრებისეულ ლოგიკას მივაწერთ, გინდ ბედისწერას და გინდ რასაც გვინდა.

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.